„ტორპედო“ ივნისიდან ქუთაისში ითამაშებს - „შენგელია არენის“ განახლება დასრულდა #1TVSPORT
ქუთაისის „შენგელია არენის“ განახლება დასრულდა და „ტორპედო“ თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება, გუნდი პირველ შეხვედრას მშობლიურ არენაზე ზაფხულში გამართავს.
საქართველოს თასის მფლობელი განახლებულ სტადიონზე 6 ივნისს ეროვნული ლიგის მე-20 ტურში გორის „დილას“ უმასპინძლებს.
ქუთაისი საქართველოს სამი ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება – ამას გარდა, „შენგელია არენაზე“ ევრო 2023-ის მეოთხედფინალური შეხვედრაც გაიმართება. 2022 წლის ბოლოს სტადიონის განახლება ამ ტურნირისთვის სათანადოდ მომზადების მიზნით დაიწყო.
აშენდა ახალი ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც განთავსებულია გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო, მსაჯებისა და დელეგატების ოთახები, სტუმრების, მედიისა და ვიპ ლოჟები, ოპერატორებისა და ტელეკომენტატორების კაბინები.
განახლდა ტაბლო და ტრიბუნები, დაამონტაჟეს ახალი ინდივიდუალურ სკამები, მთლიანად შეიცვალა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, შეიცვალა მოედნის საფარი და სარბენი ბილიკი.
რეკონსტრუქციის შემდეგ ქუთაისს უეფა-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი აქვს, რაც „ტორპედოს“ საშუალებას მისცემს, ევროტურნირებზე მეტოქეებს საკუთრ კედლებში უმასპინძლოს.