ზესტაფონის ნაცვლად სამტრედიაში - „ტორპედო“ დროებით საშინაო არენას შეიცვლის #1TVSPORT
ზესტაფონის ნაცვლად სამტრედიაში - „ტორპედო“ დროებით საშინაო არენას შეიცვლის #1TVSPORT

„ტორპედო“ 2023 წლის სეზონის საწყის მატჩებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ნაცვლად სამტრედიაში ჩაატარებს.

2023 წელს საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომლის სამი მასპინძელი არენიდან ერთ-ერთი ქუთაისის სტადიონი იქნება, სადაც ოთხი შეხვედრა ჩატარდება. ამის გამო, რამდენიმე თვის წინ „რამაზ შენგელია არენის“ სრული განახლება დაიწყო და, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე დაიკეტება.

შედეგად, ქუთაისის „ტორპედომ“ გასულ სეზონში საშინაო მატჩები ნაწილი ზესტაფონში ჩაატარა. მაგრამ ახალი სეზონის პირველ ნახევარში სამტრედიაში გადაინაცვლებს და ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედიას“ საშინაო არენაა.

ევრო 2023-ისთვის ქუთაისის „რამაზ შენგელია არენა“, ფაქტობრივად, სრულად განახლდება. 1950 წელს აშენებული სტადიონი 1962 წელს გაფართოვდა და 2010 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად, სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

ძველი არენიდან მხოლოდ ტრიბუნების კონსტრუქცია დარჩა, ადმინისტრაციული შენობა დაანგრიეს და გასახდელებს, მატჩის მომსახურე პერსონალის ოთახებს და ვიპ და პრესლოჟებს თავიდან ააშენებენ. დაიგება სარბენი ბილიკები, დაამონტაჟებენ ინდივიდუალურ სკამებს და სტადიონზე შესასვლელ ტურნიკეტებს, ტაბლოს და განათების სისტემას და ახალ საფარს დააგებენ.

განახლების შემდეგ ქუთაისის სტადიონმა უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რაც ქუთაისის „ტორპედოს“ უპრობლემოდ მისცემს საშუალებას, ევროთასების მატჩების უმასპინძლოს. კახა ჩხეტიანის გუნდმა კი 2022 წლის სეზონში საქართველოს თასი მოიპოვა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.