„ტორპედო“ ეროვნული ლიგის ტურის მატჩს ქუთაისში ვერ ჩაატარებს #1TVSPORT

11:10, 17.10.2026

„ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში „რუსთავთან“ ტურის შეხვედრას, ქუთაისის ნაცვლად, სამტრედიაში ჩაატარებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო პაუზის პერიოდში „რამაზ შენგელია არენაზე“ მინდვრის საფარის განახლებითი სამუშაოები ჩატარდა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჩემპიონატის განახლებისთვის მინდორი სათამაშოდ მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა, „ტორპედოს“ ინფორმაციით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ბალახმა სათანადოდ განვითარება ვერ მოასწრო.

„არსებულ მდგომარეობაში სტადიონზე მატჩის ჩატარება მინდვრის საფარის დამატებითი დაზიანების მნიშვნელოვან რისკს ქმნის, რის გამოც, შესაძლოა, გუნდმა სეზონის ბოლომდე საკუთარ არენაზე თამაშის შესაძლებლობა დაკარგოს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 18 ოქტომბერს „რუსთავის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება, ხოლო მომდევნო საშინაო მატჩს გუნდი ქუთაისში ჩაატარებს“, – წერია ქუთაისური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი