„ტორპედო" ალბანური გუნდის ბრალდებებს პასუხობს - მაკედონელებზე ვიზები გაიცა, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს აღარ სჭირდებათ
„ტორპედო" ალბანური გუნდის ბრალდებებს პასუხობს - მაკედონელებზე ვიზები გაიცა, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს აღარ სჭირდებათ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 9 აგვისტოს ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ “კუკეშს” შეხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი აჩვენებს.

შეხვედრამდე “კუკეშმა” ვითარების დაძაბვა სცადა. ამჯერად, გუნდმა მორიგი ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რითაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

“ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრეს. დილიდან გუნდი სასტუმრო “რედისონ ბლუში” იმყოფება. მასპინძელი გუნდი კვლავ ქედმაღლურად იქცევა და მასპინძლის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ ასრულებს. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა, რომ ვიზები არ მისცეს ჩვენს ფეხბურთელებს, ვალონ ეტემის, ედის მალიკსა და ფაიტ რეგინალდოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას გვპირდება, ეს უსაფუძვლო იმედია. ჩვენი მეკარე ფატონ მალოკუ თბილისის აეროპორტში, სპორტულ დირექტორთან ერთად, დაახლოებით შვიდსაათიანი გაჩერების შემდეგ შეუშვეს საზღვარზე და საბოლოოდ, გუნდს ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეუერთდა.

ქართველებმა პირველი კონტაქტის შემდეგ, მეგობრული შთაბეჭდილება არ დატოვეს, თუ არ ჩავთვლით მეკარე მალუკუს საკითხს. ჩვენ აეროპორტიდან არ გამოგვაცილა გუნდის წარმომადგენელმა და პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახვედრის წინაპირობა იყო.

ჩვენს პრეზიდენტ საფეტ გჟიჩთან ერთად ვგმობთ ქუთაისელთა გუნდის ამ გულგრილ დახვედრას, რომლის მიზანიცაა, რომ გუნდის ფეხბურთელები და პერსონალი დაიღალოს. ეს საქციელი სამართლიანი თამაშის პრინციპებს ეწინააღმდეგება და მატჩის ორგანიზატორ კლუბთან ყოველგვარ კავშირს ვწყვეტთ. პროტესტის ნიშნად, “ტორპედოს” ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამზე დასწრებას არ ვაპირებთ, რაც უეფა-სა და მატჩის დელეგატს ვაცნობეთ.

კუკეში“ „ტორპედოსთან“ კარგი ურთიერთობა სურდა, მაგრამ დავინახეთ, როგორ მიგვიღეს და არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს პატივისცემას იმსახურებენ. ამავე დროს, “კუკეშის” წევრია ქართველი ირაკლი ძარია, რომელიც ფეხბურთელის მაგალითია და კარგად იცის, მეგობრების მიღება ჩვენ როგორ შეგვიძლია.
კუკეში“ უეფა-ს რეგლამენტით იხელმძღვანელებს და ისე არ მოიქცევა, როგორც „ტორპედო“ და საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. იმედია, ასეთი კაზუსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტიმული გახდება, ხისტად რომ ვითამაშოთ და საქართველოდან ღირსეულად დავბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებში აქამდეც გვითამაშია, ასეთი შემთხვევა არ მომხდარა. იმედია, ალბანეთის სახელმწიფო გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რაც საქართველოში შეგვიქმნეს და შესაბამის ზომებს მიიღებს” – ნათქვამია განცხადებაში.

საპასუხო განცხადება ქუთაისის “ტორპედომ” დღეს საღამოს გაავრცელა.

“დღესაც და “კუკეშის” მიერ საქართველოს დატოვების ბოლო წუთამდე ვცდილობთ და აუცილებლად ვეცდებით გვერდში დავუდგეთ სტუმარ გუნდს, მიუხედავად ჩვენ მიმართ არსებული უსაფუძვლო ბრალდებებისა. უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ხოლო ჟურნალისტებს – მოთმინებისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ვიცით, რომ გულშემატკივარი ითხოვს მომხდარის ახსნას, მაგრამ უეფა-სთან სათანადო ახსნა უკვე გაკეთებულია. ჩვენი კლუბი ამ ფორმით იცავს უეფა-ს მთავარ წესს – პატივი სცეს ფეხბურთს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. საუბარი ოთხო ფეხბურთელის ვერჩამოყვანაზე იყო. ამ ოთხიდან ერთი კოსოვოს მოქალაქეა, ერთი – მოზამბიკის და ორიც – მაკედონელი. როგორც კი ალბანური მხარისგან ფეხბურთელებზე ინფორმაცია მივიღეთ, მოწვევები რამდენიმე წუთში გადავაგზავნეთ. კოსოვოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის პრობლემა რომ ექნებოდა, ეს თავად ალბანელებსაც უნდა სცოდნოდათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, მოხერხდა გამონაკლისის სახით მათი საქართველოში შემოსვლა.

სტუმარმა გუნდმა “ტორპედოს” მათზე მოთხოვნა მატჩამდე ორი დღით ადრე გამოუგზავნა. მოწვევები მაშინვე გაიგზავნა, რასაც ოფიციალური მიმოწერაც ადასტურებს. ისედაც გასაგებია, რომ ერთ დღეში მათზე ვიზის გაცემა წარმოუდგენელი იყო. მით უმეტეს, რომ სავიზო განაცხადები ხარვეზებით იქნა ატვირთული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა, ერთობლივი ძალებით, მოხერხდა და მაკედონელებზე ვიზები გაიცა, მაგრამ როგორც კი შევატყობინეთ “კუკესს” ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ვიზები აღარ სჭირდებათ – მიზეზის ახსნის გარეშე. მოზამბიკელ ფეხბურთელს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა უპრობლემოდ შეძლოს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა. ალბანური გუნდი თბილისშია და მატჩის ჩაშლას საფრთხე არ ემუქრება! მადლობა მოთმინებისა და გულშემატკივრობისთვის”.