ტორონტოში უცნობმა პირებმა აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს
კანადაში, ქალაქ ტორონტოში უცნობმა პირებმა აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს. ოფიციალურმა პირებმა შემთხვევა შეაფასეს „ინციდენტად, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება“.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, სროლა სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა.
ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, ფრენკ ბარედომ განაცხადა, რომ ადგილზე მასრები და შენობის დაზიანება აღმოაჩინეს. მისივე თქმით, დილით ადრე თეთრი მანქანა აშშ-ის საკონსულოს მიუახლოვდა, ორი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და შენობას ესროლა.
პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, მოგვიანებით ისინი მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ. შენობაში მყოფი პირები არ დაშავებულან.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტორონტოსა და ოტავაში აშშ-ისა და ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დამატებითი უსაფრთხოების ზომებია დაწესებული.
ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა შემთხვევას „ძალადობისა და დაშინების აბსოლუტურად მიუღებელი აქტი“ უწოდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ინფორმირებული არიან ინციდენტის შესახებ და, ადგილობრივ სამართალდამცავებთან კოორდინაციით, ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას.
როგორც მედია წერს, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდე ტორონტოში რამდენიმე შენობას ესროლეს, მათ შორის ებრაულ სინაგოგებს. არცერთი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.