ცხრა ადამიანი ემსხვერპლა ტორონტოში მომხდარ ინციდენტს, სადაც სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ტორონტოს პოლიციის ცნობით, დაშავებულია კიდევ 16 ადამიანი.
სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე უბნის დაშორებით დააკავეს. მან მიმალვა სცადა. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი მომხდარის მოტივი ან მიზეზი.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ინციდენტის ადგილიდან თავი შორს დაიჭირონ. შეჩერებულია ახლომდებარე მიწისქვეშა ტრანსპორტის მუშაობაც.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ჯერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.