თორნიკე ყიფიანი დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში იმღერებს
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი დღეს როტერდამში გაიმართება.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი სიმღერით „You“ მეორე ნახევარფინალში დღეს მე-10 ნომრად წარდგება.
სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=w6jzan8nfxc
მეორე ნახევარფინალში შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: სან-მარინო, ესტონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, სერბეთი, საქართველო, ალბანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ფინეთი, ლატვია, შვეიცარია და დანია.
https://www.youtube.com/watch?v=KWgjvOg1bYg
ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.
მეორე ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.
