თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიას მიუახლოვდა. „ვირტუსმა“ ბოლონიაში „ვენეციას“ უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ფინალში მინიმალური სხვაობით – 79:78 სძლია. შედეგად, „ვირტუსი“ ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აშორებს.
არადა, „ვირტუსი“ წაგებას ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიური გუნდი მე-3 პერიოდში მთელი 22 ქულით იგებდა, საბოლოოდ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ვენეციელებმა, წინა მატჩის მსგავსად, დიდი ჩამორჩენა გააბათლეს და ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ – 78:76. ჯერ იყო და, დანიელ ჰაკეტიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითიც თამაშის დასრულებამდე 37 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა. შემდეგ კარგმა დაცვამ შედეგი გამოიღო – ვენეციელი რეიჟონ ტაკერი შეტევაში დაჯარიმდა და ბოლონიელებს თამაშის გადასარჩენად 21 წამი დარჩათ.
მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ამირ სიმსი ისაია კორდინიეზე დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და „ვირტუსს“ გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში მოკრძალებული – 15 წუთი გაატარა. ეს საჯარიმოების ბრალი იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ნაადრევად უხვად დაუგროვდა და საბოლოოდ, მე-4 პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა. 15 წუთში შენგელიამ 5 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.
როგორც აღვნიშნეთ, ვირტუსი სერიას 2:0 იგებს და ფინალამდე 1 მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ვენეციაში, 29 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მილანის „არმანი“ 1:0 უგებს „ბრეშას“.