თორნიკე შენგელიას სეზონის საუკეთესო მატჩი და „ბასკონიას“ მარცხი სამეფო თასზე
თორნიკე შენგელიას სეზონის საუკეთესო მატჩი და „ბასკონიას“ მარცხი სამეფო თასზე

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა მძიმე ფორვადმა, „ბარსელონას“ 30 ქულა ჩაუგდო.

სამწუხაროდ, ეს ფენომენალური შედეგი, „ბასკონიას“ სამეფო თასის ნახევარფინალში მოსახვედრად არ ეყო. აღნიშნულ მინიტურნირს კანარის კუნძულები მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის მიხედვით, რვა საუკეთესო გუნდი იღებდა.

„ბარსას“ წინააღმდეგ შენგელიამ 30:53 წუთში: ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და 17-დან 15 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. 30 ქულასთან ერთად, შენგელიამ ხუთი მოხსნა, ერთი პასი ერთი დაფარება და ერთი ჩაჭრაც მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 40-ს მიაღწია.

ბუნებრივია, ამ მაჩვენებლით, ბასკონიელთა კაპიტანი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის ბოლო წამებამდე დაძაბული გამოდგა და კატალონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 94-90 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასიდან, გიორგი შერმადინის „უნიკახაც“ გამოვარდა, რომელმაც ერთი დღით ადრე, მადრიდის „რეალთან“ 84-89 წააგო. ტურნირის ნახევარფინალში „ბარსელონა“-„გრან კანარიას“, ხოლო „რეალი“-„ტენერიფეს დაუპირისპირდება.