თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მარცხი მადრიდის „რეალთან“
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში, თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ” მადრიდის „რეალთან“ საშინაო მარცხი განიცადა.
ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში, ბასკური კლუბის ქართველი ლეგიონერი კვლავ გამორჩეული იყო. შენგელიამ მადრიდელთა წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 15 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, თუმცა შენგელიას კარგმა თამაშმა „ბასკონია“ მარცხისგან ვერ იხსნა. თანაბარი თამაშის გარდამტეხი მომენტი მეოთხე მეოთხედში დაფიქსირდა, როდესაც სტუმრებმა 10 ქულიანი გაქცევა გააკეთეს და საბოლოოდ 81-69 გაიმარჯვეს.
„რეალის“ შემადგენლობაში 15 ქულით ფაბიენ კოზიე გამოირჩა. 12-12 ქულა გააკეთეს რუდი ფერნანდესმა და ლუკა დონჩიჩმა. მადრიდული გუნდი „ლიგა ენდეზას“ დამაჯერებლად ლიდერობს.
„ბასკონია“ ამ მარცხის შემდეგ მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა. პედრო მარტინესის გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მორიგ შეხვედრას, საკუთარ დარბაზში მოქმედი ჩემპიონის „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, მანამდე კი „ევროლიგაში“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ესტუმრება.