თორნიკე შენგელიას კარიერა - ვალენსიიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე [ვიდეო] #1TVSPORT

„ქართული საგა 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს, მტკვრის სანაპიროზე, მაღალ მთებს შორის მდებარე ქვეყნის დედაქალაქ თბილისში დაიბადა თორნიკე შენგელია”, – ასე იწყება ვრცელი პუბლიკაცია საქართველოს ნაკრების ფორვარდზე ესპანურ გამოცემა „სოლობასკეტში“.

 

კალათბურთი სახლში

თოკოს გარშემო პატარაობიდანვე ტრიალებდა კალათბურთის სული. როგორც დედა, ასევე მამა პროფესიონალი კალათბურთელები იყვნენ. 211 სმ სიმაღლის კახა შენგელიას „სამტრედიელ გიგანტს“ უწოდებდნენ.

„მამაჩემი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო, ნაკრებში თამაშობდა, – ამბობს თორნიკე, – ამან ბავშვობაშიც და შემდგომ წლებშიც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. სამაგალითო იყო. ჩემ გარშემო მუდმივად კალათბურთი იყო და რომ წამოვიზარდე, ნამდვილად არ განმიხილავს სხვა სახეობა, გარდა კალათბურთისა. მამაჩემი ჩემი მწვრთნელი გახლდათ და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ კალათბურთელად ჩამოყალიბებაში.

სადებიუტო მატჩი „ვალენსიას“ მაისურით

შენგელიას აღმზრდელი მწვრთნელი კახას მეგობარი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ნიკო ჩერქეზიშვილია, რომელთან ერთად, კლუბის გარდა, ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა.

 

ვალენსია

16 წლის თორნიკე საცხოვრებლად ვალენსიაში გადავიდა. „ვალენსიასთან“ ერთად თავიდან ება-ს ლიგაში გამოდიოდა, 2009 წლის 7 თებერვალს კი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი – მისი გუნდი ეთამაშა „მენორკას“, რომელშიც თოკოს თანამემამულე ვლადიმერ ბოისა ასპარეზობდა.

პირველივე მატჩში კარგი სტატისტიკა ჰქონდა: 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.

„ვალენსიაში 2010 წლამდე დავრჩი. დიდებული გამოცდილება იყო. ვიგრძენი, რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი კალათბურთელი. რას ნიშნავს კალათბურთელის ცხოვრება, რას ნიშნავს პროფესიონალის ცხოვრება. ვითამაშე ება-ს ლიგაზე, ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროთასზე. 2010 წელს „ვალენსიასთან“ ერთად ევროთასი მოვიგე, რაც დიდებული გრძნობა იყო.

 

ბელგია

2010 წლის აგვისტოში შენგელიასა და „ვალენსიას“ გზები გაიყარა – ბელგიურ „შარლერუაში“ გადავიდა. პირველივე სეზონში ქართველს „შარლერუაში“ არ უთამაშია – გადავიდა შედარებით სუსტ „პეპინსტერში“, სადაც მეტი სათამაშო დრო ჰქონდა და შეიძინა საიმისო პრაქტიკა, რომ მომდევნო წელს ბელგიის საუკეთესო გუნდში სრულყოფილად ეთამაშა.

2011-12 წლების სეზონში „შარლერუა“ ევროლიგაზე გამოდიოდა. თორნიკე შენგელია სწორედ ამ გუნდის მაისურით გამოჩნდა პირველად ევროლიგაზე, სადაც უკვე 2589 ქულა აქვს ჩაგდებული.

„ბელგიაში გატარებული ორი წელი ჩემს კარიერაში ძალიან სასარგებლო იყო. „პეპინსერში“ თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი მქონდა და, ვფიქრობ, გამოვიყენე. შემდეგ „შარლერუასთან“ ერთად ევროლიგას გავუგე გემო და იმდენად კარგად გამოვიდა ყველაფერი, რომ გადავწყვიტე, NBA-ს დრაფტზე დავმდგარიყავი.

ლეონარდო და ვინჩიმ თქვა: „ღარიბია სტუდენტი, რომელსაც არ შეუძლია მასწავლებლისთვის სიურპრიზის შეთავაზება“. შენგელიამ თავის მასწავლებელს, კახა შენგელიას საოცარი სიურპრიზი შესთავაზა – 2012 წლის NBA-ს დრაფტზე იგი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა აირჩია და ახალ სეზონში თორნიკე „ბრუკლინ ნეთსის“ მაისურით თამაშობდა.

 

ორი წელი ამერიკაში

დრაფტის საღამოს თოკო შენგელია მეორე წრეში „ფილადელფიამ“ აირჩია და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუთმო.

2012 წლის ივლისში ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე ეფექტური თამაშის შემდეგ ქართველ ფორვარდს ბრუკლინელებმა 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. პირველ სეზონში მას ხშირად უწევდა თამაში განვითარების ლიგაში „სპრინგფილდთან“ ერთად, მეორე სეზონშიც არ გამოუჩნდა სათანადო სათამაშო დრო და 21 იანვარს შენგელია „ჩიკაგოში“ გადავიდა.

„ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დრო არასაკმარისად მქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დიდი გამოცდილება მივიღე. მე ხომ უმაღლესი დონის ვარსკვლავებთან ერთად მიწევდა ვარჯიში, კევინ გარნეტთან, დერონ უილიამსთან, პოლ პირსთან. ისინი მეხმარებოდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ვისწავლე, როგორ უნდა ლიდერობა“. – ამბობს თოკო.

NBA-ში 45 მატჩი გამართა, ხოლო განვითარების ლიგაში – 14. 207 სმ. სიმაღლის მძიმე ფორვარდმა ამერიკიდან ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა.

 

ბასკეთი

უკვე მოგახსენეთ, რომ ყველაფერი მამასთან ვარჯიშით დაიწყო, შემდეგ იყო ესპანეთი, ბელგია, ამერიკა, წრე კი კვლავ ესპანეთში შეიკრა და შენგელია „ბასკონიაში“ გადავიდა.

„თამაშის დრო დადგა. ორი წლის განმავლობაში მწირი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და მჭირდებოდა მაღალი დონის გუნდი, სადაც თამაშისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომეცემოდა. ასეთი კლუბი „ბასკონია“ აღმოჩნდა, რომელიც, შიდა ასპარეზის გარდა, ევროლიგაზეც გამოდის. ჩემი საკალათბურთო ფილოსოფია მარტივია – ვითამაშო და ვათამაშო თანაგუნდელები, ვიმუშაო დაცვაში და შეტევაში, შევმატო გუნდს ენერგია. მებრძოლი ვარ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დგას მოედანზე ჩემ წინააღმდეგ, ვიბრძვი ბოლომდე. ეს ყველაფერი მამაჩემისგან ვისწავლე“.

თოკომბასკონიაში“ 6 წელი გაატარა. იგი კლუბში მისვლისას ქომაგს ჩემპიონობას დაჰპირდა და პირობა მეექვსე წელს შეუსრულა.

2020 წელს ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ 69:67 დაამარცხა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

საჩემპიონო მატჩში შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 33 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

თორნიკე შენგელიამ კაპიტნის სტატუსით ჩაიბარა ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი. ქართული გვარი უამრავი უცხოური გამოცემის სათაურში მოხვდა, თოკოს ფოტოებს კი თვლა აღარ ჰქონდა AS-ში, Marca-ში, EuroHoops-ში

„ბარსელონასთან“ ფინალში გამარჯვებამდე „ბასკონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, დუშკო ივანოვიჩმა გუნდს ხმამაღლა მიმართა: „უნდა მოვიგოთ თოკოსთვის!“

რატომ თოკოსთვის? იმიტომ, რომ „ბასკონიიდან“ წასვლას აპირებდა. ბასკეთში გატარებული 6 წლის მანძილზე მას ერთი გუნდური ტიტულიც არ ჰქონდა მოპოვებული.

 

ცსკა

2020 წლის 14 ივნისს თორნიკე შენგელიამ კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის ცსკა-სთან, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის პასუხი ასეთი იყო:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება.

ცსკა-მ ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა ხელს არ ვაწერდი, მინდოდა, ჩაწერილიყო პირობა, რომლის მიხედვით, შუა სეზონში საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ წასვლას შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამასთან, ცსკა ევროპის ერთ-ერთი ტოპკლუბია და ევროლიგის მოგების იდეაც მიზიდავდა“.

მაშინ, როდესაც ევროლიგის კლუბები სანაკრებო ფანჯრებისას კალათბურთელებს ნაკრებში არ უშვებდნენ, ცსკა-სთან შეთანხმების თანახმად, შენგელია ეროვნული გუნდის ყველა მატჩზე ჩადიოდა.

როდესაც კალათბურთელი ახალ გუნდში მიდის, ყოველთვის სურს, ზურგზე ის ნომერი დაიწეროს, რაც მანამდე ეწერა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ნომერი დაკავებულია და ახლის არჩევა გიწევს.

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებშიც 23 ნომრად თამაშობს და „ბასკონიაშიც“ 23 იყო. მაგრამ ცსკა-ში 23-ნომრიანი მაისურა ამერიკელ დანიელ ჰაკეტს ეცვა. თუმცა მან ​პატივსცემის ნიშნად თოკოს ​23 ნომერი დაუთმო, თავად კი 10-ნომრიანი ფორმით თამაშობდა.

2022 წლის თებერვალში შენგელიამაც და ჰაკეტმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს მოსკოვის ცსკა და ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდნენ.

„ეს არის ჩემი პროტესტი უკრაინაში რუსული აგრესიის მიმართ. ამ სიტუციაში არ შემიძლია, ვითამაშო რუსული არმიის კლუბში“, –  განუცხადა შენგელიამ ესპანურ „მარკას“.

 

ბოლონია

„თოკო ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება. იგი უმაღლესი დონის კალათბურთელია, გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მისი შეჩერება ნებისმიერ მეურვეს უჭირს. ამიტომ მეორე დამცველს ვახმარდი. თუმცა ასეთ დროს თორნიკე კარგ ასისტენტად იქცა – პასებს თავისუფალ სივრცეში მყოფ პარტნიორებს ურიგებდა – რატი ანდრონიკაშვილს, დუდა სანაძეს, გიორგი შერმადინს. შენგელიას თამაშმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. დიდი შრომა გასწია, დიდი ლიდერია. საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ თორნიკე შენგელია ჰყავს“, – ეს სიტყვები იტალიელმა სპეციალისტმა, სერჟიო სკარიოლომ 2022 წლის 4 ივლისს საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ თქვა.

ეს ის თამაშია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ოვერტაიმში მოიგო და რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატისკენ. ესპანელებს სწორედ სკარიოლო წვრთნიდა, რომელიც პარალელურად ბოლონიის „ვირტუსს“ ხელმძღვანელობდა.

მან შენგელიასთან ერთად 2022 წელს ევროთასი მოიგო და რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სკარიოლო „ვირტუსს“ აღარ წვრთნის, შენგელია კი ბოლონიელებთან ერთად ევროლიგის ახალ სეზონს დღეს იწყებს.

 

ნაკრები

კახა შენგელიას სანაკრებო დებიუტი 1995 წლის 8 ოქტომბერს შედგა, სლოვაკეთის ნაკრებთან 27 წუთი ითამაშა. სლოვაკურ მატჩამდე ზუსტად სამი დღით ადრე კახას შვილის დაბადების დღე ჰქონდა – პატარა თორნიკე 4 წლის გახდა.

მამამ, კახა შენგელიამ სანაკრებო კარიერა 2001 წელს დაასრულა, თოკოს დებიუტი კი 7 წლის შემდეგ, 2008 წლის 6 სექტემბერს ლუქსემბურგში ჰქონდა. მას მერე თორნიკე შენგელია ყოველწლიურად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და დღეს ევროლიგის ტოპფორვარდთაგანია.

თოკოს ნაკრების მაისურით სამ ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები… მისი სანაკრებო რეკორდი 31 ქულაა – 2016 წელს სლოვაკეთს ჩაუგდო.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა კაპიტან თორნიკე შენგელიასთან ერთად დაწერა ისტორია, ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, იქ კი პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.

მუნდიალის შემდეგ შეკითხვაზე, რა დავანახეთ მსოფლიოს, თორნიკემ გვიპასუხა:

„არა მარტო მსოფლიოს. ჩვენ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ მარტო მსოფლიოს დავანახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც დავიჯეროთ, ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ ჩვენი ადგილი არის დიდ ასპარეზზე. ტალანტიდან, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, ვიმსახურებთ ელიტაში ყოფნას, შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. ეს ადგილი არავის უჩუქებია.

ხალხს დავანახეთ – ერთხელ თუ შევძელით, შეგვიძლია კიდევ ბევრჯერ მოვხვდეთ. ფსკვნილი გავხსენით. მართალია, თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ, თუმცა ეს თამასა არ უნდა იყოს წნეხი მომავალი თაობებისთვის. პირიქით, მოტივაციად უნდა იქცეს. ამის შემდეგ დარჩა ოლიმპიადა… ჩემი ერთ-ერთი ოცნებათაგანია, საქართველო გავიყვანო ოლიმპიადაზე“.

მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს წინააღმდეგ