თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ გაანადგურა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ გაანადგურა

საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-17-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ლიდერი პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 32 ქულის სხვაობით, ანგარიშით 86-54 გაანადგურა. ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში პირველი მეოთხედი სტუმრებმა 21-16 მოიგეს. ამის შემდეგ კი, ბასკური კლუბი შეუჩერებელი იყო.

მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ და რაც მთავარია, მთლიანად გუნდს წაუვიდა ზუსტი სროლები. „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. შენგელიამ 15:43 წუთში: 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა აქტივში. თამაშის სცენარიდან გამოდინარე, გუნდის ლიდერის მოედანზე დიდხანს ყოფნა აღარ იყო საჭირო და მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების წამყვანი კალათბურთელი აღარ დატვირთა.

შეხვედრის მესამე პერიოდი მასპინძლებმა 34-16 მოიგეს და ბოლო მეოთხედი სრულ ფორმალობად აქციეს. გამარჯვებულ გუნდს იოჰანეს ვოიტმანმა ულიდერა. გერმანელი მძიმე ფორვარდის ანგარიშზე 19 ქულა და 5 მოხსნაა. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ვინსენ პორიეს. ფრანგმა ცენტრმა 13 ქულა და 9 მოხსნა გაიფორმა. ამ გამარჯვების შემდეგ „ბასკონიასაპლეიოფო ზონას მიუახლოვდა. პედრო მარტინესის გუნდი მე-9-ე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას მადრიდის რეალის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.