თორნიკე შენგელიას 22 ქულით „ვირტუსმა“ „ტორტონა“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა“ ბოლონიაში „ტორტონას“ სძლია და იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბოლონიელებმა მეოთხედფინალური სერია ორი მოგებით დაიწყეს, თუმცა „ტორტონამ“ საპასუხო მატჩებიდან მაქსიმუმი გამოწურა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ვირტუსმა“ მოედნის უპირატესობით ისარგებლა და სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც „ტორტონა“ 92:63 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 15 ქულა დააგროვა მარკო ბელინელიმ, 12 – ალესანდრო პაიოლამ.
„ვირტუსი“ ნახევარფინალში „ვენეციას“ შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა. ვენეციელებმაც 5-მატჩიანი სერია ჩაატარეს მეოთხედფინალში, სადაც „რეჯიო ემილია“ 3:2 დაამარცხეს.