თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალთან“ 10 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგაში ზედიზედ მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელმაც ბოლონიაში რეალს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და სამეფო კლუბის 15-ქულიანი გამარჯვებით – 89:74 დასრულდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო აიზია კორდინიე იყო 12 ქულითა და 8 მოხსნით, იფე ლუნდბერგმა და ჯორდან მიკიმ კი 11-11 ქულა ჩააგდეს. „რეალის“ მხრიდან გამორჩეულები გერშონ იაბუსელე (15 ქულა, 7 მოხსნა) და ვინსენ პუარე (14 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.

„ვირტუსს“ 17 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 მარტს ლიეტუვაში კაუნასის „ჟალგირისთან“ ჩაატარებს.