თორნიკე შენგელიამ „ბაიერნი“ დაამარცხა და უკრაინასთან სათამაშოდ საქართველოში გამოემგზავრა [ვიდეო] #1TVSPORT

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. მისმა ცსკა-მ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:74 დაამარცხა.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ „ბაიერნი“ იყო. ბოლო წუთზე გერმანელების უპირატესობა 3 ქულას შეადგენდა (73:70), თუმცა სწორედ ამ დროს შენგელიას პასით უილ კლაიბერნმა სამქულიანი გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ამას მოჰყვა ცსკა-ს კიდევ ერთი ზუსტი შეტევა და, როგორც მოგახსენეთ, საბოლოოდ თორნიკეს გუნდმა იმარჯვა.

ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი იყო: 32 წუთი, 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. მის გუნდში ყველაზე შედეგიანი უილ კლაიბერნი გახლდათ.

„ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ თორნიკე ჩარტერული რეისით საქართველოში გამოემგზავრა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდა – 26 ნოემბერს ეროვნული გუნდის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.