თორნიკე შენგელია თავის გუნდში კვლავ საუკეთესო იყო - „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონა“ დაამარცხა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, Lega A-ს მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ტორტონა“ 99:70 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ დროში მან 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ თამაშიდან ათჯერ შეუტია და 5 სროლა ზუსტი აღმოჩნდა, ასევე 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.
იტალიის ჩემპიონატში ეს „ვირტუს ბოლონიისთვის“ მერვე გამარჯვება იყო. თორნიკეს გუნდს მხოლოდ ორი მარცხი აქვს და გათამაშების ცხრილის სათავეშია.
მიმდინარე სეზონზე იტალიური გუნდი ასევე წარმატებით თამაშობს ევროლიგაზე. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე „ვირტუს ბოლონია“ მეოთხე ადგილზეა.