თორნიკე შენგელია ნიდერლანდებთანაც ითამაშებს და ისლანდიასთანაც [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია ნიდერლანდებთანაც ითამაშებს და ისლანდიასთანაც [ვიდეო] #1TVSPORT

23 და 26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი ელის. ჯერ ნიდერლანდებში ითამაშებს, შემდეგ თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს. ამ შეხვედრებზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ჩვენი ნაკრები.

გადამწყვეტი თამაშებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ყველა შესარჩევ მატჩში, მთავარი შეკითხვა ამჯერადაც თორნიკე შენგელიას ეხება. მოგეხსენებათ, ევროლიგასა და ფიბა-ს შეუთანხმებლობის გამო ევროლიგის მატჩების მსვლელობისას კლუბები ნაკრებში კალათბურთელებს ვერ უშვებენ.

თუმცა, თორნიკე შენგელიამ ამ ზაფხულს პირველ არხთან განაცხადა, რომ ისეთ კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს, რომელიც მას ნაკრებში ჩამოსვლის ნებას მისცემდა. თორნიკე ბოლონიის „ვირტუსში“ დარჩა და კაპიტანმაც ნოემბრის ფანჯარაში საქართველოში ჩამოსვლა შეძლო. ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან გადამწყვეტ შეხვედრებში იგი კვლავ დაეხმარება „ჯვაროსნებს“.

თუმცა, გრაფიკი მეტისმეტად რთული აქვს: იტალიიდან ნიდერლანდებში 22 თებერვალს ჩაფრინდება; 23-ში „ნარინჯისფრებთან“ ითამაშებს; იმავე საღამოს ბოლონიაში გაფრინდება და 24-ში დაგაგმილ „ვირტუსი“-„ბასკონიას შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას; მომდევნო დილას, 25 თებერვალს საქართველოში გამოფრინდება და 26-ში ისლანდიასთან ითამაშებს.

ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართული კალათბურთის ისტორიაში – მისი მოგება საქართველოს ნაკრებს, დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოუტანს.