თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა - ცსკა-მ ესტონეთში დათმო #1TVSPORT
თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა - ცსკა-მ ესტონეთში დათმო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს მაისურით ვითიბი ლიგაზე ესტონეთში „კალევის“ წინააღმდეგ ითამაშა. მოსკოველებმა ქულამწირ მატჩში 56:67 დათმეს.

თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 3 შეცხომა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა. თუმცა ყოველგვარ სტატისტიკასა და შედეგზე მთავარი მისი დაბრუნების ფაქტია: 20 დღის წინ მან ევროლიგაზე „ზენიტთან“ მატჩში მხარი იტკინა და რუსებმა პირდაპირ დაწერეს – აღდგენისთვის ორი თვე დასჭირდებაო.

შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის ინტერვიუ, რომელმაც გვითხრა – როდის დაუბრუნდება მოედანს, ეს აღდგენის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული, აჩქარება არ შეიძლებაო.

ასე და ამგვარად, რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და შენგელია ტრავმის მიღებიდან 20 დღეში მოედანს დაუბრუნდა. ეს ორმაგად გასახარი იმიტომაცაა, რომ 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან საშინაო მატჩი ელის.

რაც შეეხება ცსკა-ს, მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 4 ნოემბერს „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.