თორნიკე რიჟვაძემ მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა და აჭარის 2022 წლის ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა
თორნიკე რიჟვაძემ მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა და აჭარის 2022 წლის ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა და აჭარის 2022 წლის ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ისარგებლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით.

„2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტის ფარგლებში, როგორც რესპუბლიკურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. ამ ბიუჯეტების ფარგლებში 200 000-მდე აჭარაში მაცხოვრებელი ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით. ასევე, 1 400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით. 5 000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მედიკამენტების შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარების მიღებას.

ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. მინდა, ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ მათ შორის კომუნალური გადასახადების ნაწილში შევეცადოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შევინარჩუნოთ ტარიფები. ასევე აჭარაში მცხოვრებ 12 ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ფართში და ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში გაფორმებას, ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.