თორნიკე რიჟვაძემ და ივანე მაჭავარიანმა ქედასა და შუახევში ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს
თორნიკე რიჟვაძემ და ივანე მაჭავარიანმა ქედასა და შუახევში ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს

აჭარის მაღალმთიან რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად ერთად გააცნო. თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი ქედისა და შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესს.

ქედის მუნიციპალიტეტში ნოემბრის ბოლოს დასრულდება ხიდის მშენებლობა, რომლისთვისაც მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ხიდი ცენტრალურ გზას დააკავშირებს ოჯახებს, რომლებსაც საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია და ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდით გადაადგილდებოდნენ. ამ ხიდით ისარგებლებს რამდენიმე სოფელი. ახალი ხიდით ისარგებლებენ მალე შუახევში სოფელ ოქროპილაურსა და დაბაძველის მცხოვრებლები. 54 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტი ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

შუახევში, სოფელ ხიჭაურში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მილების შედუღებისა და მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები დაიწყება შუახევის ცენტრიდან-გოდერძის მიმართულებით. შედეგად კურორტ გოდერძის სრული გაზიფიცირება მოხდება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში გაზსადენი ბათუმიდან შუახევამდე გაიყვანეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასაც და მათი წინადადებებიც მოისმინეს. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.