თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

რიჟვაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს გარდაცვლილის ოჯახებისთვის, რაც მათ ესაჭიროებათ და იმისთვისაც, რომ აქ მცხოვრებლებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება.

„უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს აქ დარჩენილი ობიექტის შემდეგი რისკების პრევენციას.

რაც შეეხება გამოძიებას და საბოლოო პასუხისმგებლობას, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას. უნდა დაველოდოთ, ვიდრე საბოლოოდ არ მივიღებთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო ბრალდებული პირები გამოვლინდებიან. აქ ხორციელდებოდა თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში არის ავარიული სახლების ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა ოჯახი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

26 მაისის ქუჩაზე აჭარის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. მათ ბრალი დღეს წარედგინათ.