თორნიკე რიჟვაძე - ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უგულველყოფს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, მოვუწოდებ მათ, ნუ დააყენებენ საფრთხის წინაშე მოქალაქეების სიცოცხლეს
თორნიკე რიჟვაძე - ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უგულველყოფს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, მოვუწოდებ მათ, ნუ დააყენებენ საფრთხის წინაშე მოქალაქეების სიცოცხლეს

ბოლო კვირების განმავლობაში შევძელით, მაქსიმალურად დაგვესტაბილურებინა ეპიდვითარება რეგიონში, რაშიც პირველი როლი და ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ეპიდსიტუაცია რეგიონში.

მისივე თქმით, სისტემურად სრულად არის დალაგებული როგორც პაციენტების მართვა ოჯახებში, ასევე სტაციონარში. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში პირველად პილოტურად ამოქმედდა „კოვიდ“-სასტუმროები. შესაბამისად, მისივე თქმით, ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ძირითადი სამედიცინო სერვისები, აქვს ხელმისაწვდომობა.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„არის პოლიტიკური პროცესი – ქვეყანაში მალე გაიმართება არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო აგიტაციიდან, კამპანიიდან გამომდინარე, რიგი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იკავებენ თავს მოწოდებებისგან. ხდება იმ რეკომენდაციების უგულველყოფა, რაც ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგებისგან. ამიტომ მათ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის წინაშე ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით – ბათუმელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც გვაქვს და შეკრებებიც გააკეთონ სწორედ ამ წესების დაცვით. ჩვენ, ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობით, რეკომენდაციების დაცვით, აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.