თორნიკე რიჟვაძე - წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა, რაც იძლევა საშუალებას, ვიფიქროთ მთავრობის ფორმირებაზე
თორნიკე რიჟვაძე - წინასწარი შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა, რაც იძლევა საშუალებას, ვიფიქროთ მთავრობის ფორმირებაზე

არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან, კონკურენტულ გარემოში და ეს აღიარა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის უმრავლესობის ნდომა მოიპოვა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. თორნიკე რიჟვაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები. ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება ცხადად, დაბეჯითებით ითქვას, რომ ჩვენმა პარტიამ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდომა და რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

პირველ რიგში, მადლობას ვეუბნები ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭრებს. ის აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა.

ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით, ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, როჟვაძე ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება და უმრავლესობა მოიპოვა, რაც მათ საშუალებას მისცემთ, ადგილობრივი მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტონ.

„რაც შეეხება უმაღლეს საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს აჭარის არჩევნებთან დაკავშირებით, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უკვე დღეის მდგომარეობით ვიფიქროთ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებაზე. შესაბამისად, ის მოსალოდნელი პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქებში, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აქვე მინდა, გამოვეხმაურო ეუთო-ს დასკვნებს, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გაჟღერდა. შეფასებები გაკეთდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს და არის დასტური, რომ არჩევნები გაიმართა თანაბარ, კორკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.