თორნიკე რიჟვაძე - ვაფრთხილებ ყველას, ნებისმიერი მცდელობა, რომ რეგიონში ვითარება დაიძაბოს, დაექვემდებარება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას
თორნიკე რიჟვაძე - ვაფრთხილებ ყველას, ნებისმიერი მცდელობა, რომ რეგიონში ვითარება დაიძაბოს, დაექვემდებარება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას

ვაფრთხილებ ყველას, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ ვითარება რეგიონში დაიძაბოს, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„როგორც მოგეხსნებათ, ხვალ საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში, ასევე აჭარაშიც ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები, ასევე უმაღლესი საბჭოს მეორე ტურები. ჩვენ დაგვრჩა ორი საარჩევნო ოლქი, როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიანი აჭარა და ხელვაჩაური, სადაც ხვალ გაიმართება შესაბამისად მაჟორიტარი კანდიდატების მეორე ტურები. მინდა, ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ღირებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმა. ეს არის წინაპირობა, რომ როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში და რესპუბლიკის მასშტაბით არ იყოს არანაირი წინაპირობა როგორც პოლიტიკური დაძაბულობის, ასევე, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხალხმა, ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ წარმომადგენლობით ორგანოში, მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე განსაკუთრებით საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, თუ ისინი წარმოადგენენ და პატივს სცემენ მათ ამომრჩეველს.

მაგრამ, ამავე დროს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბუნებრივი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. „ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიული საქართველომ“ უპირატესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, მეორე ტურის შემდეგ და ასევე გადალახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამომრჩვევლისთვის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ხმა და ნება შესაბამისად იქნას რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე იყოს პოლიტიკური ცხოვრების კომპონენტი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას როგორც უმაღლესი საბჭოს ნაწილში, ასევე, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში და რა თქმა უნდა ღრმად სულ ერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში თითოეულ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, ხმა მისცეს მშვიდ ვითარებაში.

„აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა შევაფასო ის დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება ე.წ. სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით. მინდა, მათ მოვუწოდო და შევახსენო, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურად კი, ეს არის აბსოლუტურად უღირსი გადაწყვეტილება. აჭარის რეგიონში თითოეულ მოქალაქეს ვარწმუნებ, რომ ყველას მიეცემა საშუალება ხმა მისცეს მშვიდ ვითარებაში.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არ დარჩეს ეს დერეფანი ვიწრო და ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი მოწოდება იმისკენ, რომ ვითარება რეგიონში დაიძაბოს, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული.

ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები, მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებსა და ბავშვებს ამოფარებულები, პოლიტიკური დესტრუქციის გაგრძელებას და ძალიან მალე დადგება დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავთბიჭუნა იქნება ერთ-ერთ „ობლასტში“. ყველამ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ამ ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება“, – განაცხადა რიჟვაძემ.