თორნიკე რიჟვაძე - უნდა ვიგლოვოთ ადამიანები, რომლებიც დაგვაკლდნენ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის
თორნიკე რიჟვაძე - უნდა ვიგლოვოთ ადამიანები, რომლებიც დაგვაკლდნენ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის

პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები, ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის. დანარჩენი ყველა სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი აქ მცხოვრებელი არ დარჩეს ყურადღების გარეშე, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განახცადა.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ამ ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, ასევე დიდი მადლობა თითოეულ მაშველს, რომელიც ორი დღის განმავლობაში თავგანწირვით ცდილობდა ამ ადამიანების გადარჩენას. მადლობა შს მინისტრს, რომელიც ორი დღეა, აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველების და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გვყავს ცხრა დაღუპული. მაშველებმა მოახერხეს გადარჩენილიყო მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და შემდგომ უკვე რაც შეეხება ამ შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, ამაზე გამოძიება გასცემს ობიექტურ და სრულ პასუხს. ასევე ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და გარკვეულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალი თვითნებური სამშენებლო სამუშაოებისთვის“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც ნებისმიერმა მოხელემ არ შეასრულა კანონით ნაკისრი ვალდებულება, ყველას მიმართ დადგება პასუხისმგებლობა.

„პირველ ეტაპზე გამოძიების წინასწარი ვერსიით ბრალი წარდგენილი აქვთ კონკრეტულ პირებს. დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. გუშინაც და დღესაც მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ეს სამაშველო ოპერაცია მიზნად ისახავდა მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადარჩენას, რაც შეეხება სხვა საკითხებს, პირველ რიგში მოხდება შესაბამისი სპეციალისტების როგორც კონსტრუქტორების, ასევე გეოლოგების მობილიზება და ისინი შეაფასებენ აქ არსებული საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება დანარჩენ შემდგომ საკითხებს, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიგლოვოთ ის ადამიანები, ვინც დაგვაკლდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ოჯახებისთვის. დანარჩენი ყველა სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი აქ მაცხოვრებელი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“, – განაცხადა რიჟვაძემ.

დატოვე კომენტარი