თორნიკე რიჟვაძე - ტურისტული სეზონი აჭარაში იმის მიხედვით გაიხსნება, როგორი ეპიდვითარება იქნება მარტში
თორნიკე რიჟვაძე - ტურისტული სეზონი აჭარაში იმის მიხედვით გაიხსნება, როგორი ეპიდვითარება იქნება მარტში

ტურისტული სეზონი აჭარაში იმის მიხედვით გაიხსნება, როგორი ეპიდვითარება იქნება მარტში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარების გამო, შეზღუდვების შემსუბუქება პირველ რიგში აჭარის რეგიონს შეეხება.

„შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის ნაწილში. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას მარტიდან დაიწყებენ, ამასთან რესტორნები შეძლებენ სტუმრების დახურულ სივრცეებში მიიღებენ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, ეპიდვითარების სტაბილურობისთვის და ეკონომიკის თანმიმდევრულად აღსადგენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

„მარტის თვეში ეპიდვითარებას დავაკვირდებით მოახლოებული ზაფხულის სეზონისთვის, ტურისტული სეზონისთვის. მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რათა ეპიდვითარება სტაბილური იყოს და ამ ყველაფერში საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შეზღუდვები გაგრძელდება სარიტუალო ღონისძიებასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ვთხოვთ, ეს სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ. მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური და საზოგადოებრივი აქტივობების აღდგენას. საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, ეკონომიკა თანმიმდევრულად აღვადგინოთ. აღდგენის ღონისძიებები სახეზეა. ზაფხულისთვის იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.