თორნიკე რიჟვაძე - თბილისისა და ბათუმის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქალაქებად დასახელება ტურისტულ სეზონს მნიშვნელოვნად დაეხმარება
თორნიკე რიჟვაძე - თბილისისა და ბათუმის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქალაქებად დასახელება ტურისტულ სეზონს მნიშვნელოვნად დაეხმარება

სამოგზაურო პლატფორმის, European Best Destinations-ის მიერ თბილისისა და ბათუმის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელება მნიშვნელოვნად დაეხმარება ტურისტულ სეზონს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, ბათუმი აქამდეც მიმზიდველი ქალაქი იყო ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა ასეთი სახის შეფასებები ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

„საერთაშორისო მოგზაურთა პლატფორმის მიერ ბათუმი და თბილისი დასახელდა ევროპის უსაფრთხო ქალაქების ტოპ-ათეულში. მინდა აღვნიშნო, როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხო ქალაქად დასახელება. დარწმუნებული ვარ, ეს დაეხმარება ტურისტულ სეზონს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი დასახელდა როგორც კორონავირუსისგან თავისუფალი და უსაფრთხო ქალაქი, ამავე დროს, დასახელდა როგორც კრიმინალისგან თავისუფალი ქალაქი. ჩვენთან ხუთჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე თუნდაც ევროპის წამყვან ქალაქებში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილზე მოხვდა.