თორნიკე რიჟვაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ვენდობი, ეს ის ორგანიზაციაა, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვს აქ გახსნილი
თორნიკე რიჟვაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ვენდობი, ეს ის ორგანიზაციაა, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვს აქ გახსნილი

არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში. აბსოლუტურად ყველას საჯარო ინტერესის დაცვით ვეხმარებით, მათ შორის ბიზნესს, თუმცა, როცა სანქცირებაა საჭირო, არც ამისგან ვიკავებთ თავს, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

„ეს ის ორგანიზაციაა, ხომ რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ.  ალბათ მაგათზე მეკითხებით, ხო?

აჭარაში დასკვნებს აკეთებენ ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები, შედიან იურიდიულ, ეკონომიკურ, დისციპლინალურ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან. რაც შეეხება მაგ კონკრეტულ საკითხებს თუ შენიშვნას, რაც შეეხება TCF Georgia​-ს, რაც შეეხება მეორე დასახელების კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ, გამოითხოვოთ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებისგან ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ერთიანად, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის ბიზნესს, ვეხმარებით, თუმცა, როცა სანქცირებაა საჭირო არც ამისგან ვიკავებთ თავს. და ის განკარგულება, რომელიც მივიღეთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სწორედ საერთო წესების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

ამ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ვენდობი არანაირად“, – განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.