თორნიკე რიჟვაძე - რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, აჭარის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3,2 პროცენტით გაიზრდება
თორნიკე რიჟვაძე - რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, აჭარის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3,2 პროცენტით გაიზრდება

რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, აჭარის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3,2 პროცენტით გაიზრდება და 349 მილიონს მიაღწევს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს 3,2 პროცენტიანი ზრდით. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი პროექტი, არც ერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი არ გაჩერდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, არ შემცირდება აჭარის არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ხელვაჩაურს კი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ 2 მილიონი დაემატება.

„ბიუჯეტი 349 მილიონ ლარზე იგეგმება და კაპიტალური ტრანსფერის ნაწილი 75 მილიონი იქნება ექვსი მუნიციპალიტეტისთვის, რაც მისცემს საშუალებას, რომ მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა არ გადაავადონ კონკრეტული პროექტები, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული. არც ერთ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი არ შემცირებია. მათ შორის ხელვაჩაურს დაემატება, რადგან სტიქიურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ამიტომ ხელვაჩაურისთვის დამატებით 2 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ტრანსფერის ნაწილში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.