თორნიკე რიჟვაძე - რადიკალიზაცია მიუღებელია, ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა
თორნიკე რიჟვაძე - რადიკალიზაცია მიუღებელია, ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებასა და საჯარო მოხელეების მობილიზებაში „ნაციონალური“ მოძრაობის ბრალდებას გამოეხმაურა.

როგორც რიჟვაძემ განაცხადა, დემოკრატიულ სახელმწიფოში კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თითოეული მათგანის არჩევანია.

რიჟვაძე ამბობს, რომ რადიკალიზაცია მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რასაც ერთობლივად გამკლავება სჭირდება.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„კონკრეტული მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს არის მათი არჩევანი, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ეს ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეპიდვითარება არის საკმაოდ დამძიმებული როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. ვინც აწყობს ამ ტიპის აქციას, დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის პოლიტიკურად გაკოტრებული, ისინი ირჩევენ პარტნიორად კოვიდს. მინდა, მოვუწოდო რეკომენდაციების დაცვისკენ. ნებისმიერი რადიკალიზაცია არის მიუღებელი, ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ, სხვა გზას. Ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, არ დაგავიწყდეთ, რომ წინა ხელისუფლებას არაერთი გამწარებული ადამიანი ჰყავს და ამიტომაც ირჩევენ ასეთ გზას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, კვირას, 4 აპრილს ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს და შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ. მათი თქმით, აქცია არის პასუხი ოპოზიციის მხარდამჭერთა ქმედებებზე.

მანამდე, შაბათს, 3 აპრილს მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს აბაშიძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა უსამართლოდ არის დაწესებული.

ამასთან, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.