თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება და ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლა, არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეებს ყოფა დაუმძიმდეთ
თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება და ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლა, არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეებს ყოფა დაუმძიმდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება და ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა სააკაშვილის მხარდაჭერის მიზეზით და აქციებით დაბრკოლებები შეექმნა ტურისტული სეზონისთვის, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ტურიზმის მიმართულება არის პრიორიტეტი და როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, არაერთი სიახლე, ინიციატივა გვაქვს და მომავალში მეტი გვექნება. რამდენიმე დღის წინ ყველანი გავხდით მომსწრე, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ბანდის მხრიდან მომხდარიყო სეზონის ხელოვნური დაზიანება. ბოლო სამი წელი მოქალაქეების, ხალხისთვის იყო გამოწვევებით სავსე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და ახლა უკვე ამ ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება ხელოვნური მიზეზით. ყველამ ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილი არ იხდის სასჯელს ბათუმში და მეორე, არც არავინ აპირებს მის გამოშვებას, ვიდრე ბოლომდე არ მოიხდის სასჯელს. ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ მომხდარიყო წარმატებული ტურისტული სეზონის ხელოვნურად დაზიანება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეებს მეტად დაუმძიმოს ისედაც მძიმე ყოფა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხს უჭირდა სესხის გადახდა, შემოსავლები შემცირდა ტურიზმის სექტორიდან, ამიტომ, ყველა, ვინც გაბედავს, ხალხს შეუქმნას ზედმეტი დაბრკოლება, კანონის სრული სიმკაცრით წაიმტვრევს კისერს“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ კვირას აჭარის უმაღლეს საბჭოს ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

„ვაპირებ, შემდეგ კვირაში წარვდგე უმაღლესი საბჭოს წინაშე წლიური ანგარიშით და შევაჯამო ჩვენი მმართველობის ბოლო ოთხი წელი, ასევე წარვუდგინო ზუსტი ხედვა, კონკრეტული პრიორიტეტები შემდეგი ოთხი წლისთვის. ჩვენ ვაპირებთ, რომ თითოეული აჭარის მაცხოვრებელი გრძნობდეს სახელმწიფოს და ხელისუფლების ზრუნვას. იქნება შესაძლებლობა, ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.