თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მსურს, გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციას და კიდევ ერთხელ, მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთლიანად, მთავრობამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ეპიდსიტუაცია რეგიონში რთულდება. დღეს ბათუმში ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.