თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, ახალი წლის დღეებში მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან, რათა რეგიონში სტაბილიზაციის დინამიკას საფრთხე არ შეექმნას
თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, ახალი წლის დღეებში მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან, რათა რეგიონში სტაბილიზაციის დინამიკას საფრთხე არ შეექმნას

საკოორდინაციო საბჭოს დროულმა და ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებით, მოგვცა საშუალება, რომ გვქონოდა საკმაოდ კარგი სტაბილიზაციის ნიშნები და დინამიკა, რაც არის გარანტი, რომ საბოლოო ჯამში, ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან ერთად, ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევაზე გამკლავებას, – ამის შესახებ აწარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო დღეებში ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან, რათა რეგიონში სტაბილიზაციის დინამიკას საფრთხე არ შეექმნას.

„თუმცა წინ არის საახალწლო დღეები და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე დაიცვან ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები და არ გვქონდეს მობილობის ზრდა, რაც ამ სტაბილიზაციის დინამიკას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში 2020 წელს 61 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო პერიოდი სასტუმროებში.

„რეგიონში, წლის განმავლობაში, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ პირველადი ღონისძიებების გატარება კორონავირუსთან მიმართებაში, 61 000 ზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო სივრცის რეჟიმი. შესაბამისად, მსურს ექიმებთან ერთად, მადლობა გადავუხადო პერსონალს, რომელიც ჩართული იყო ამ სივრცეების მართვაში. განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვინც მართავდა საკარანტინო სივრცეებს“, –განაცხადა თორნკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაგრძელდება მოსახლეობის მიზნობრივი დახმარებები, სოციალურ-სასურსათო, ასევე მედიკამენტური უზრუნველყოფა და ამ მიზნით, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები.