თორნიკე რიჟვაძე - მედიკოსები ეფექტურად მუშაობენ, სიტუაცია მართვადია, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების საფუძველზე არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი
თორნიკე რიჟვაძე - მედიკოსები ეფექტურად მუშაობენ, სიტუაცია მართვადია, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების საფუძველზე არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი

მედიკოსები ეფექტურად მუშაობენ, სიტუაცია მართვადია, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების საფუძველზე არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„არ გვაქვს მძიმე შედეგები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პნევმონიის გარკვეული რაოდენობა გვაქვს, რომელიც საყურადღებოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შემცირების საფუძველზე არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს და ეს მოგცემს საშუალებას, საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია მართვადია და ყველა კოვიდინფიცირებული იმართება, კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება და შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად და არ იყოს გავრცელება”,- აღნიშნა რიჟვაძემ.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დაყოვნებებთან და ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით გარკვეული შეფერხებები იყო და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკვე აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს.

„მზარდი დინამიკის ფონზე, გარკვეული ერთეული ხარვეზები იყო. პირადად ვეცნობი ყველა მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ჩვენ ვაპირებთ, კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. ერთეული შემთხვევები გვქონდა დაყოვნებების, ასევე ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს, როგორც ლაბორატორიის, ასევე დიაგნოსტიკის ნაწილში. ამიტომ ჩვენ ერთეული შემთხვევები მონიშნული გვაქვს და შესაბამისი კონსულტაციები გამართულია კლინიკებთან. ადრე თუ გვქონდა ერთი კოვიდკლინიკა, ახლა რვა კოვიდკლინიკაა. ახლა 1 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია და ხომ გესმით, რამდენად შრომატევადია ამ ყველაფრის მართვა. ჩართული არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია, რომ ამ პაციენტების აქტიური მართვა შევძლოთ და ამის პარალელურად, უკონტროლო გავრცელება შევაჩეროთ.

ჩვენი მიზანია, ჰოსპიტალურ სექტორში სრული წესრიგი გვქონდეს, ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას და ეს დაყოვნებები აღმოიფხვრას. რაც შეეხება საწოლფონდებს, გასულ კვირაში უსწრაფესად იქნა 1 000-ზე მეტი საწოლფონდის ორგანიზება, რომელიც დღეს შევსებულია. ვინაიდან თითოეულ პაციენტებთან მიმართებაში ახალი პროტოკოლი იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაბამის კოვიდსასტუმროებში გადაიყვანონ. მუდმივი რეზერვი არსებობს და რა თქმა უნდა, ველოდებით დასტაბილურებას, როგორც კი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს. ამავე დროს, შესაბამისი სამკურნალო პერიოდი გადის. ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვმართოთ ეს პროცესი“,- განაცხადა რიჟვაძემ.