თორნიკე რიჟვაძე მარინა კალიურანდსა და სვენ მიქსერს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე მარინა კალიურანდსა და სვენ მიქსერს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის წევრებს მარინა კალიურანდს და სვენ მიქსერს უმასპინძლა.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„გავაცანით, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე, კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროექტები. მადლობა გადავუხადეთ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები, ვიზიტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

მარინა კალიურანდის თქმით, სასიამოვნოა იმის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება აჭარა.

„ჩემს კოლეგა სვენ მიქსერთან ერთად, აჭარაში ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. სასიამოვნოა იმის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება აჭარა, როგორ ავითარებს კავშირებს, როგორ აშენებს ტურიზმის სექტორს, სამთო-სათხილამურო კურორტებს. ეს ყველაფერი მარწმუნებს, რომ რეგიონი ყვავის და ადგილობრივებისთვის საცხოვრებლად, ხოლო ტურისტებისთვის დასასვენებლად უკეთესი ადგილი ხდება“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის და ევროპარლამენტის წევრებმა.