თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან და ამ ორ კვირას თუ მოვითმენთ, გამარჯვებულები ვიქნებით
თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან და ამ ორ კვირას თუ მოვითმენთ, გამარჯვებულები ვიქნებით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბათუმში მკაცრდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. მისი თქმით, ეს უკავშირდება იმ მომატებულ საფრთხეს, რომელიც არის კორონავირუსის შიდა გავრცელების კუთხით.

„სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს შეეზღუდებათ შემოსვლა ბათუმის ტერიტორიაზე. ასევე, მოხდება მაქსიმალური კონტროლი ყველა საგუშაგოზე. ჩვენ ქობულეთის კლასტერის შემთხვევაში ნათლად დავინახეთ, ერთი კონკრეტული დაინფიცირების შემთხვევის ჯაჭვი რამდენ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს და ეს ყველას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთ დაუდევარ მოქმედებას შესაძლოა, მოჰყვეს 25, 30 და მეტი ადამიანის პირველ რიგში ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ამიტომ, ეს ღონისძიებები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ყველას მართებს, რომ ეს ორი კვირა მაქსიმალური კანონმორჩილებით გაატაროს. არ დავაყენოთ სხვების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, ვინაიდან ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკაა. უკვე გადასული ვართ შიდა გადაცემებზე, ამიტომ ახლა გვმართებს განსაკუთრებული მობილიზება.

ასე რომ, დიდ ქალაქებში, სადაც გვაქვს ძალიან დიდი ტრაფიკი, როგორც ფიზიკური პირების, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად მოვახდენთ ინფექციის გავრცელების პრევენციას. ასევე, ბოლო დღეებში, თუნდაც ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, ხდება კიდევ უფრო მეტი ხალხმრავლობა პარკებში, სკვერებში, ბულვარში. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არააუცილებელი გადაადგილებისგან და მერწმუნეთ, რომ თუკი ამ ორ კვირას მოთმინებით გავატარებთ, გამარჯვებულები ვიქნებით. სხვა შემთხვევაში, იქნება ძალიან მძიმე შედეგები. ქობულეთის კლასტერს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, ვინაიდან ერთი კონკრეტული დაინფიცირებიდან ჩვენ ავედით 25-ზე და შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს ეს რიცხვი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

​მისივე თქმით, სარფიდან სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში, ასევე ბათუმის პორტში ტვირთბრუნვის მხრივ არაფერი იცვლება.

„ეს შეზღუდვები ეხება ფიზიკური პირების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსიურ გადაადგილებას, ამიტომ ტვირთბრუნვა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ვინაიდან ეს არის აუცილებელი კრიზისში მყოფი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა დღეს, 21:00 საათიდან იზღუდება.