თორნიკე რიჟვაძე - ხულოს მერი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა
თორნიკე რიჟვაძე - ხულოს მერი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა

ხულოს მერი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯმდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე უკვე ყოფილ მერთან გოჩა მელაძესთან რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.

რიჟვაძის თქმით, ყველა ღირსეული და პროფესიონალი კადრი შეინარჩუნებს თანამდებობას. რაც შეეხება ხულოს მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის უფროსის ვახტანგ ბერიძის დანიშვნას, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს, რიჟვაძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა გუნდური პრინციპით შეირჩა.

„გოჩა მელაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, ამის შემდგომ გუნდის შიგნით იყო კონსულტაციები და შეირჩა ვახტან ბერიძე, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანი. მინდა, ორივეს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძე აცხადებს, რომ ყოფილი მერი „ქართული ოცნების“ ხულოს შტაბსაც ვეღარ უხელმძღვანელებს, რადგან ამ პოზიციას ადგილზე ყოფნა სჭირდება.

ხულოს ყოფილმა მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. იგი შვებულებიდან გამოვიდა და ჯერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისი პირველი მოადგილის განცხადება დააკმაყოფილა, შემდეგ კი პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძის დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.