თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს ხელვაჩაურში იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აჭარის განათლების მინისტრთან ერთად, მან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

გრძელდება სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 430 მოსწავლეს მოემსახურება. ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით დარბაზი იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა პანდუსები. შენობის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში კი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლება.