თორნიკე რიჟვაძე - ხარვეზები აღმოიფხვრა, ინფიცირების უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში, მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი უპატრონოდ არ დარჩეს
თორნიკე რიჟვაძე - ხარვეზები აღმოიფხვრა, ინფიცირების უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში, მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი უპატრონოდ არ დარჩეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული, ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსი რეგიონში სრულად არის მობილიზებული.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კოორდინაცია და მხარდაჭერა როგორც საკოორდინაციო საბჭოსგან ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე იცით, რომ ლაბორატორიების მიმართულებაც გაძლიერდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან. ამავე დროს, გაძლიერდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. მოხდა იქ დამატება და განმწესება ახალი ეპიდემიოლოგების, რომლებიც შეძლებენ უფრო მეტად ეფექტური გახადონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

რაც შეეხება დაინფიცირებული პაციენტების მართვას, რიჟვაძის თქმით, მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-მართვის კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა კლინიკური მიმართულებები მეტად გაძლიერდეს, ასევე, პაციენტების კლინიკური მდგომარეობა უფრო კარგად შეფასდეს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც მკურნალობა, ასევე დაინფიცირებული ნაკადების მართვა მოხდეს უფრო ეფექტურად ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეს ყველაფერი იყო პროგნოზირებადი, ვინაიდან ზაფხული იყო პრაქტიკულად ეპიცენტრი აჭარისთვის, სადაც მოხდა უამრავი ადამიანის კონცენტრირება, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, იმართებოდა სარიტუალო ღონისძიებები, რომელთა მიმართებაში ყოველთვის ვცდილობდით, ვყოფილიყავით მაქსიმალურად მკაცრები და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია, ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მობილობისგან თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით ბათუმში. ჩვენი მთავარი მიზანია ინფიცირებული პაციენტების მართვა და ამავე დროს მიდევნება კონტაქტების, რომ არ გვქონდეს უკონტროლო გავრცელება.

დღეს შემიძლია აღვნიშნო, რომ გამოვლენის ნაწილი სრულად ექვემდებარება კონტროლს და იცით, რომ გამოვლენის ნაწილში რეგიონში პირველად დაიწყო გაფართოებული ტესტირება, ამან მოგვცა საშუალება, ადრეულ ეტაპზე მომხდარიყო დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და შემდეგ უკვე მათი მართვა. ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ უფრო მიზნობრივ, პრიორიტეტულ ტესტირებაზე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა ამისა, რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს და მძიმე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

„დარწმუნებული ვარ, თუ წესებს დავიცავთ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ რეგიონში სიტუაციის აბსოლუტურ სტაბილიზაციას. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა. ამან მოგვცა საშუალება, შეგვეჩერებინა ვირუსი და დაგვეგროვებინა მეტი კომპეტენცია. ახლა მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსის მართვა და ადამპტაცია, მათ შორის მოქალაქეებსაც უწევთ, მოახდინონ ადაპტაცია და თანაცხოვრება ვირუსთან ერთად.

არ იგეგმება რამე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება. ჩვენ უნდა ვმართოთ ეს ყველაფერი და ამ მართვაში მნიშვნელოვანია ის საკითხები და კომპონენტები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე: ეპიდემილოგიური სიმძლავრეები, ლაბორატორიული ზედამხედველობა, კლინიკური მართვა, კლინიკური რგოლის გაძლიერება და შემდგომ უკვე ამ ადამიანების იზოლაცია.

საწოლფონდი გასულ კვირაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით უსწრაფესად იქნა მობილიზებული, არის დაახლოებით 600-ზე მეტი საწოლი და ეს რიცხვი,  ამ მზარდი ნაკადების ფონზე, ყოველ საათში იცვლება. მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთი ადამიანი აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში, დღეს არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი და რა თქმა უნდა ჩვენ ამავე ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას.

იცით, რომ დღეს მაგალითად უკვე გაეწერა დაახლოებით 50-მდე ადამიანი, ამასთან დღეს კოვიდ-სასტუმროებს დატოვებს 121 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად გვყავს გამოჯანმრთელებული ადამიანები. ამიტომ თუ ყველა პასუხისმგებლობით მოიქცევა და დაიცავს წესებს, დაინფიცირება შეგვიმცირდება. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდება, თუმცა არაებობს მიდმივი რესურსი, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს მზრუნველობის გარეშე“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, არსებობდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც დღეს სრულად აღმოფხვრილია.

„გადაცდომებთან დაკავშირებით იყო რეაგირება, შესაძლოა, ყოფილიყო გარკვეული ჩამორჩენა მიდევნებასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ გვქონდა ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 100-ზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ უდიდეს დაწოლაა ჩვენს ჯანდაცვის სისტემაზე და განსაკუთრებით ეპიდემიოლოგებზე. მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ერთი კვირის ჭრილში რეგიონში არ გვყავს არც ერთი დაინფიცირებული პაციენტი, რომელიც ვერ იღებს ან ბინაზე, ჰოსპიტალში ან კოვიდ-სასტუმროში შესაბამის სერვისს.

ხარისხის ნაწილში რაც შეეხება, ჩვენ კლინიკურ მიმართულებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, შეხვედრა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. არსებობდა ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები სისტემურად არის აღმოფხვრილი. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, კიდევ უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უპატრონოდ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.