თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით
თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით

მინდა, გესაუბროთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ჩვენს განვითარების პერსპექტივებზე, რომელიც პირველ რიგში, უნდა შეეხოს მაღალმთიან აჭარას და ხულოს. ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია, – ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რიჟვაძემ მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, იმ სამართლიან პერსპექტიულ ქვეყანას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მაღალმთიან აჭარას ამ დიდ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ, დღესაც გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, გვჭირდება ნდობა, იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ის კონკრეტული საქმეები, ბოლომდე მივიყვანოთ ის გეგმები, რომლებიც გვაქვს და ჩვენმა მეგობრებმა ისაუბრეს, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, წყალმომარაგება.

ვიცით, რომ ბევრ სოფელს აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წლის განმავლობაში სრულად გადაჭრის ხულოში წყლის მომარაგების საკითხს, ასევე, გაზიფიცირება იქნება ბოლომდე მიყვანილი, მომავალ წელს პრაქტიკულად ყველა სოფელში დაიწყება შიდა დაქსელვითი სამუშაოები და ყველას ექნება ბუნებრივი აირი. წელს პირველად, კურორტ გოდერძიზე მივიყვანეთ ბუნებრივი აირი, რაც არის მაღალმთიანი აჭარის, კურორტ გოდერძის და ასევე მიმდებარე ტურისტული ლოკაციების განვითარების პირობა.

ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ როგორც ხულოში, ისე ყველგან, მოქალაქეებს სჭირდებათ ჯანდაცვა,  სოციალური მზრუნველობა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება და ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის, ისე  ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და იცით, რომ ჩვენს პროფესიულ სასწავლებლებში, რომელიც ხულოში გაიხსნა უკვე არაერთი ნიჭიერი ხულოელი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო მეტად გამოადგებიან მათ ოჯახებს, მუნიციპალიტეტს და ქვეყანას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთიანობისთვის, იმ ერთიანობისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მაღალმთიან აჭარას და არის ჩვენი ძლიერი ქვეყნის, ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა.

ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ორ ღირსეულ ადამიანზე, ღირსეულ ხულოელზე და ღირსეულ შუახეველზე, რომლებმაც კარგად იციან არსებული რეალობა, იციან თქვენი გამოწვევები, თქვენი პრობლემები და ჩვენ ერთად, გუნდურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში გადავჭრათ, გავიმარჯვოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.