თორნიკე რიჟვაძე - დამტკიცდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას
თორნიკე რიჟვაძე - დამტკიცდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3 000-ზე მეტი ოჯახი უკვე გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში.

„ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. პროგრამა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში შევთავაზებთ იმ კონკრეტულ პირობებს, როგორც დაპროექტების კუთხით, ისე თავდებობის კუთხით საბანკო დაწესებულებებთან არ ექნებათ მნიშვნელოვანი გამოწვევა და შემდგომ უკვე ისინი განახორციელებენ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებთან. ჩვენ ეს პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ და 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის, ეს იყო ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომელშიც ჩაერთვება როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე დეველოპერები“, – განაცხადა რიჟვაძემ.