თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონში დადებითი დინამიკის შენარჩუნება სახელმწიფოსთან ერთად, ბიზნესისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული
თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონში დადებითი დინამიკის შენარჩუნება სახელმწიფოსთან ერთად, ბიზნესისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

აჭარაში ორშაბათიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შემსუბუქების ღონისძიებები თანმიმდევრულად ეკონომიკის აღდგანას უზრუნველყოფს.

თუმცა, როგორც რიჟვაძემ განმარტა, ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია როგორც ბიზნესის, ასევე რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ წესების დაცვაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსის შეჩერებასთან მიმართებით.

„მოგეხსენებათ, უკვე ორშაბათს, პირველი თებერვლიდან მთელი რიგი შეზღუდვების შემსუბუქებაა დაგეგმილი. ეს ეხება რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სასწავლო პროცესს. აჭარაში სასწავლო პროცესი განახლდება უკვე საკლასო ოთახებში. ასევე აღდგება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემსუბუქების ღონისძიებები ასევე ეხება სავაჭრო და კვების ობიექტებს ღია სივრცეებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სტაბილური ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება ავიამიმოსვლის აღდგენას, ასევე მთელი რიგი წესების გამარტივებას როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უკვე მოვემზადოთ და მაქსიმალურად ფრთხილად, მაგრამ შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა პირველ რიგში, რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია დადებით კრიტერიუმზე. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შედეგად ჩვენ ვაპირებთ, რომ თებერვლის თვეში წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, თუ როგორ მოვახდენთ ეკონომიკის თანმიმდევრულ აღდგენას, ბევრად იქნება დამოკიდებული როგორც ბიზნესის, ასევე რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ წესების დაცვაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსის შეჩერებასთან მიმართებით.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს, უკვე 9 000-ზე მეტი მოქალაქის გატესტვა მოხდა, ძირითადად მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლების. ეს ნაადრევი გამოვლენის საშუალებას მოგვცემს და მიზანმიმართული იქნება, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ოთახებში. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაატარა უკვე შესაბამისი ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისკენ და მათი ჯანმრთელობის დაცვისკენ.

ტურისტულ ობიექტებთან მიმართებით გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც და მათთან კონსულტაციების შედეგად, მთელი რიგი წესების დაცვით, აუცილებლად ვიმსჯელებთ მეტი შემსუბუქების ღონისძიებებისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ბევრად არის დამოკიდებული ეს ყველაფერი როგორც კერძო სექტორის, ბიზნესის, ასევე რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და მათ მიერ რეკომენდაციების დაცვაზე, რათა შევძლოთ დადებითი დინამიკის შენარჩუნება და ამ კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე, მოვახერხოთ ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენა, მათ შორის ტურიზმის სექტორის“, – განაცხადა რიჟვაძემ.