თორნიკე რიჟვაძე - ჩემი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თორნიკე რიჟვაძე - ჩემი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რათა ნანგრევებიდან გამოიყვანონ მოქალაქეები.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშველებმა უნდა შეძლონ ეფექტურად მუშაობა, და მადლობა მათ ამისთვის. უნდა ვაცადოთ, რომ გადაარჩინონ ისინი. მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს. აქ ჩამოდიან შს მინისტრი და პრემიერიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უპირველესად, გადავარჩინოთ აქ მოყოლილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს აუცილებლად დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მთავარია, ამ ადამიანებს ვუშველოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.