თორნიკე რიჟვაძე - ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ ექნებათ
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ ექნებათ

ბათუმში ორი ძირითადი საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმოქმედებს – ჩაქვის გვირაბთან და ასევე მთიანი აჭარის მიმართულებით მახოს ხიდთან, – ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც ჩაქვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.

მისი თქმით, ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას  გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ ექნება.

„იქნება ორი ძირითადი ბლოკ-პოსტი. ერთი ახლა სადაც ვიმყოფებით და მეორე მახოს ხიდთან. ეს პრაქტიკულად ემთხვევა ბათუმის სამართლებრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს და ამავე დროს ხვდება ხელვაჩაურის რამდენიმე დასახლება. ეს არის გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ბათუმთან მჭიდროდ დაკავშირებული დასახლებები. ამიტომ, ამ ნაწილში შეზღუდვა მათზე არ გავრცელდება და მოექცევა ამ ორი ბლოკ-პოსტის პერიმეტრის შიგნით.

რაც შეეხება ზოგადად რეჟიმის გამკაცრებას აღსრულების ნაწილში, ამ მიმართულებით მიღებულია შესაბამისი დავალება, რომ როგორც კომენდანტის საათის დროს, ასევე სოციალური დისტანცირების ნაწილში ყოფნის, აღსრულების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და სანქცირება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ განაწესებს არღვევენ. ამავე დროს, თუკი იქნება შესაბამისი შემთხვევები, სადაც ჩვენ მოქალაქეებთან გვიწევს მეტი აღსრულების მექანიზმების შემოღება, რა თქმა უნდა, მომავალში ესეც არ არის გამორიცხული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა ათი დღის განმავლობაში აიკრძალა.