თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, ყველა ღონისძიება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, უმკაცრესად გაკონტროლდება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, ყველა ღონისძიება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, უმკაცრესად გაკონტროლდება

ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, უმკაცრესად გაკონტროლდება და ყველა, იქნება ეს ღამის კლუბები, საქორწილო-საბანკეტო დარბაზები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმდებიან. გამორიცხული არ არის მათი დალუქვაც, რადგან ახლა გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რათა შევძლოთ ეპიდვითარების ეფექტური მართვა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს აღსრულების გამკაცრებასა და ასევე იმ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს.

„რაც შეეხება საკუთრივ ეპიდმართვას, ამ მიმართულებით ეპიდზღვარზეა როგორც საწოლფონდი, ასევე ადგილები რეანიმაციაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, თუ კრიტიკულ ზღვარს გადაცდა და უფრო გართულდა სიტუაცია, როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რა რეზერვებია რეგიონში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, როგორც საწოლფონდის გაზრდაზე, ასევე კოვიდსასტუმროების დამატებაზეც.

„კვირის განმავლობაში დაგვემატება დამატებით თერაპიული საწოლები, რეანიმაციაშიც, ინტენსიურშიც. ასევე ვმუშაობთ, კოვიდსასტუმროების დამატებაზეც, რომელიც იმართება და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური დაცულობა და ინფიცირებულები არ დარჩნენ იმუნოლოგების გარეშე. კონკრეტულ რიცხვებს უწყებები მოგახსენებენ და ეს ყოველდღიურად განახლებადი პროცესია და დაგვემატება“, – განაცხადა რიჟვაძემ.