თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, თუმცა რეკომენდაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება 
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, თუმცა რეკომენდაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება 

საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იყო მსჯელობა ვითარებასთან, რისკებთან დაკავშირებით და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ მოთხოვნები და მონიტორინგი გამკაცრდება.

„ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. ამავე დროს, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ მოთხოვნები და მონიტორინგი გამკაცრდება. რა თქმა უნდა, ყველასგან მოველით თანამშრომლობას. ყველას მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილების, ჩვენი მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, ადრე უკვე შეჩვეული ის რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი“. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც რიჟვაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კონტროლის გამკაცრება დაევალათ.

„დღეს, შტაბის ფორმატში იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, მათ შორის, ეპიდემიოლოგები. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაევალათ გაამკაცრონ კონტროლი, რაც გულისხმობს დეზინფექციის განხორციელებას, მათ შორის მძღოლების ინტენსიურ ტესტირებას, როგორც დისტანციის, ასევე პირბადის ტარების დაცვის ვალდებულებას. ამ ყველაფერს ძალიან აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ და ამავე დროს, ყველას მინდა მოვუწოდო, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.