თორნიკე რიჟვაძე - ახალი საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 3 მილიარდ ლარს,„ნაცმოძრაობიდან“ შარლატან ეკონომისტებზე საპასუხოდ დროს არ ვხარჯავ 
თორნიკე რიჟვაძე - ახალი საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 3 მილიარდ ლარს,„ნაცმოძრაობიდან“ შარლატან ეკონომისტებზე საპასუხოდ დროს არ ვხარჯავ 

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოლიდურად არის გაზრდილი და „ნაცმოძრაობიდან“ შარლატან ეკონომისტებზე საპასუხოდ დიდი ხანია, დროს აღარ ვხარჯავ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებზე.

ამასთან, მისი თქმით, ახალი საინვესტიციო პორტფელი პროექტების მიხედვით აჭარაში 3 მლრდ ლარს შეადგენს.

„იგივე საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოლიდურად არის გაზრდილი. რაც შეეხება ახალ საინვესტიციო პორტფელს,  პროექტების მიხედვით ახალი საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 3 მილიარდ ლარს და განკარგულების ფარგლებში განახლებულია ერთი მილიარდი ლარის პროექტები, მათ შორის, 10 წლის განმავლობაში გაჩერებული „კემპინსკის“ ბიზნესცენტრი და სასტუმრო. ასე რომ, ეს არის კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული სტატისტიკა. „ნაცმოძრაობას“ კი ვურჩევ, შეუძლიათ, ენდონ მხოლოდ „ენდიაის“ მხოლოდ მათ ნაწილში“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, აჭარის ფინანსთა მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონში გასულ წელს დაწყებული და წელს გაგრძელებული პროექტების ღირებულება მთლიანად 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

„რეგიონში პრაქტიკულად არ გვაქვს შეჩერებული პროექტი. ყველა ინტენსიურად მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და პარამეტრი მზარდია. საუბარია, როგორც დასაქმებულთა რაოდენობაზე, აგრეთვე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე. ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, თუ სხვა ნებისმიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. 2019 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის შედეგად მიღებული შემოსავალი“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რეგიონის მთავრობა აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.