თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები შესაბამის დახმარებას მიიღებენ
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები შესაბამის დახმარებას მიიღებენ

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რეგიონში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიის კერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარელებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანა სავარგულები, წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

ამ დროისთვის გზა მხოლოდ ხელვაჩაურის სამი სოფლის მიმართულებით რჩება ჩაკეტილი. ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.