თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება

სახელმწიფო და კერძო კლინიკებთან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში დაახლოებით ორ კვირაში, შესაძლოა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობაც ჩაერთოს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არის აღჭურვილი და არ ფუნქციონირებს.

„შემდეგი კვირიდან, პრაქტიკულად რამდენიმე დღეში უკვე დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლუატაცია და დაახლოებით ორი კვირაში მოხდება სრულად გამართვა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს. საავადმყოფო შეძლებს, მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში სახელმწიფოს კერძო სექტორიც დაეხმარება.

„ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, ინიციატივა, საუბარია კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში. ჩვენ შევძელით, რომ ის პირველი ბიუჯეტი შეგვეკრა. ჯამში, ჩვენ მყისიერად შევძლებთ ამ სამედიცინო დაწესებულების აღჭურვას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.