თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო და შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება იგეგმება
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო და შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება იგეგმება

აჭარის თავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო და რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადია. მისივე თქმით, აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„შეიძლება ითქვას, აჭარის რეგიონში ეპიდემია იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების გამოვლენის ახალი შემთხვევებიც, გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამავე დროს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს. ჯამში, აჭარაში გვყავს 3 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონში კორონავირუსზე მოქალაქეების მიზნობრივი ტესტირება გრძელდება.

„ამის პარალელურად, იცით, რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2 000 ზე მეტი ტესტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავუბრუნდით 24-საათიან რეჟიმს როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების კონკრეტული მოქალქის მიმართ. ამის შემდეგ ხორციელდება როგორც ბინაზე მართვის პროტოკოლით, ასევე სტაციონარში და კოვიდსასტუმროებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის საყურადღებო რისკჯგუფები, რომლებიც იყო გამოვლენილი მოხუცთა თავშესაფარში. ეს ჯგუფები უკვე არის იდენტიფიცირებული, მათ მიმართ განხორციელდა შესაბამისი მკურნალობა და ისინი უკვე დაუბრუნდნენ როგორც თავშესაფარს, ასევე შესაბამის დაწესებულებას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის თქმითვე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის კუთხით მთავრობის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა აჭარაში შედეგი გამოიღო.

„აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში, განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ზოგადად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, რაც გვაძლებს საშუალებას, რომ უკვე დღის წესრიგში დადგეს და დგას კიდეც ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, რომლის უფრო დეტალური გეგმით შემდეგ კვირაში წარვდგები.

პირველი, რაც აღდგება, იქნება რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და შემდეგ კვირაში საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურად გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად, ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ეს მიმართულებაც შეზღუდვების მოხსნის გეგმაში იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი. ჩვენ ეპიდემიის მართვასთან ერთად, ბოლომდე გვესმის, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის როგორც ყოფით, ასევე ეკონომიკირ ნაწილში. დისკომფორტს უქმნის უამრავ ადამიანს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ არსებულ ეპიდვითარებას და როგორც უკვე გითხარით, ეს საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში. შემდეგი კვირიდან კონკრეტული თარიღებით ჩვენ შეგევძლება მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დატოვე კომენტარი